ტურიზმი
14/01/2022

მარიამ ქვრივიშვილი: 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 40%-ით აღდგა

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, ფაქტობრივად, 40%–მდე აღდგა. 

მისივე თქმით, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ტურისტულად აქტიურია, შეფასების მთავარი ამოსავალი არის შემოსავლები. თუკი ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ ჰპოვებს ამ ინდუსტრიიდან, მაშინ მას ისეთი პოზიტიური ეფექტი ვერ ექნება ქვეყანაზე, მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დასაქმებაზე.

"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფაქტობრივად, 40 %–მდე აღდგა, 2019 წელთან შედარებით. ალბათ, ეს არის პირველი ინდიკატორი, რითიც ჩვენ შევაფასებთ გასულ 2021 წელს როგორც საკმაოდ პოზიტიური შედეგების მქონეს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ $1,2 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც 130%–ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 2019 წლის მაჩვენებლის 38% შეადგინა.

"უცვლელია ჩვენი პოზიცია, რომ მაქსიმალურად ვაკეთებთ აქცენტს მხარჯველ უნარიანი ტურისტის მოზიდვაზე და ამაში გვეხმარება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები ევროკავშირის ქვეყნებთან, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან და სხვ. აქტიურად ვმუშაობთ ტურისტების ჩამოყვანაზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვ. ამ ქვეყნებიდან შემოსული თითოეული ტურისტი საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები, რომელთა ჩამოსვლაც ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ 2022 წელს ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სამიზნე ქვეყნებთან, სადაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მოვახდენთ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Businesspartner