ტურიზმი
09/02/2021

მარიამ ქვრივიშვილი: მოგზაურობის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ხანგრძლივობა გაზრდილი

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ტურიზმის ძველ ნიშნულზე დაბრუნება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის გლობალურ ვაქცინაციაზე და ავიაკომპანიების სიძლიერეზე.

„ჩვენ გლობალურ ტენდენციაზე გვიწევს ყურადღების გამახვილება. ძველ ნიშნულამდე რომ მივიდეთ, ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. 2019 წლის ბოლოს ძველი ნიშნული იყო 9.4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი, საიდანაც 5 მილიონი იყო ტურისტი. ძველ ნიშნულამდე მისვლა დამოკიდებულია სამ ძირითად კომპონენტზე. პირველი, ეს არის გლობალური ვაქცინაციის ტენდენცია - ყველა ქვეყანამ სწრაფად დაიწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი, იმისთვის, რომ მოგზაურობა ამ ადამიანებისთვის იყოს ბევრად უფრო კომფორტული და უსაფრთხო. მეორე, რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანებს გაუჩნდებათ უსაფრთხოების შეგრძნება და მოგზაურობის გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ვხედავთ, როგორ არის შემცირებული გლობალური ტურიზმის ინდუსტრია, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით რომ ვისაუბროთ. მესამე, ეს დიდწილად დამოკიდებულია ავიაკომპანიების სიძლიერეზე. სამწუხაროდ, 2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე, ავიაკომპანიებმა და ზოგადად საავიაციო ინდუსტრიამ ისტორიაში ყველაზე ძლიერი დარტყმა განიცადა. ძველ ნიშნულამდე მისასვლელად ამ ძირითადი კომპონენტების ერთობლიობა დაგვჭირდება - ავიაკომპანიებმა ფინანსურად შეძლონ, ოპერირება გასწიონ იგივე სიხშირით, რაც იყო პანდემიამდე. აგრეთვე, ადამიანების მზადყოფნა და სურვილი, რომ იგივე სიხშირით იმოგზაურონ, რა სიხშირითაც მოგზაურობდნენ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეზღუდული რაოდენობით მოგზაურობენ, მათი მოგზაურობის ხანგრძლივობა არის გაზრდილი.

„თუ ადრე, საშუალო მოგზაურობის ხანგრძლივობა პირობითად იყო 4-5 დღე, ახლა კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები საშუალოდ 10-დან 12 დღე-ღამემდე გეგმავენ მოგზაურობას. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე მოგზაურობის რაოდენობა შეიძლება შემცირებულია და ეს ტენდენციაც გაგრძელდეს, რომ ადამიანმა პირობითად წელიწადში 3-4 მოგზაურობის მაგივრად იმოგზაუროს ერთხელ, თუმცა, რა თქმა უნდა იზრდება ღამეების თენების ხანგრძლივობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩამოსულმა ტურისტმა მოინახულოს არა მხოლოდ პირობითად 2 რეგიონი, არამედ 3 და 4, რაც რეგიონებში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს და ზოგადად მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ძალიან შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები