ტურიზმი
14/02/2023

მარიამ ქვრივიშვილი: საამაყოა, რომ კურშაველის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანი მასპინძლობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს იოჰან ელიაშსა და საფრანგეთის სპორტის მინისტრს ამელი უდია კასტერას შეხვდა.

შეხვედრა საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში ალპაინ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული საკითხები და ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე გაცნობოდა ალპაინ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას და სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის საფრანგეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს.

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ კურშაველის შემდგომ უკვე ბაკურიანი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს დ ა დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით და იმ სამუშაოთი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაწია, ბაკურიანი ჩემპიონატის ღირსეული მასპინძელი იქნება. სიამაყით უნდა ითქვას, რომ კურშაველში გამართულ შეხვედრებზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველომ სრულიად მსოფლიოს ანახა წარმატების მაგალითი, როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა და შექმნას მაღალი დონის ინფრასტრუქტურა ასეთი მაღალი დონის ტურნირისთვის ასე მოკლე დროში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

თავის მხრივ, „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უდიდესი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკის, სპორტისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს კურორტები გახდება ისეთივე წარმატებული, როგორიც დღეს კურშაველია. აქ გამართული შეხვედრების ფარგლებში ჩვენ მივიღეთ უდიდესი მხარდაჭერა და საუკეთესო შეფასებები ყველა ფედერაციისგან. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ამ წლების განმავლობაში გაწეული ჩვენი შრომა დაფასებული და დანახულია. ძალიან კარგ ფორმაში ვხვდებით 2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატს და შეგვიძლია ვიამაყოთ ამით. მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას ასეთი ძალისხმევისთვის, ასევე მთელ საორგანიზაციო კომიტეტს, სამუშაო ჯგუფებს, მოხალისეებს და ყველას ვინც ჩართულია ამ საქმეში“, - აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ  და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება.

ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო (დიდველი),  29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (დიდველი, კოხტა, მიტარბი), წყლის ორი  ხელოვნური რეზერვუარი (დიდველი, მიტარბი -ჯამური მოცულობით 307 000 მ3),  6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ჩემპიონატის ფარგლებში მოეწყო სპორტსმენთა სოფელი სპორტსმენების, მედიის წარმომადგენლების და ტექნიკური ინვენტარის მომსახურებისთვის. საერთო ჯამში, ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განხორციელდა   270 მლნ ლარის ინვესტიცია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები