ტურიზმი
16/09/2020

Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი: გვსურს საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში

Mastercard-ი საქართველოს ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში ეხმარება.

„განვიხილეთ ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემების ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსის და პანდემიის დაძლევის საქმეში. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სტრატეგიისადმი. ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის შესახებ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სფეროა. ვისაუბრეთ ასევე პარტნიორობის და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საერთაშორისო დერეფნებში მონაცემების გატარებისა და ელექტრონული გადახდების განხორციელების ნაწილში. ამით გვსურს საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა,“- განაცხადა Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლა ვილლამ საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და Mastercard-ი მჭიდროდ ითანამშრომლებენ და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობაზე.

„ვიცით, რომ პანდემიიდან გამოყვანა სჭირდება დარგს და დასახმარებლად მოვედით. პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებული აქცენტებით ტურიზმის სფეროში. სამომავლო ნაბიჯებს რაც შეეხება, ძლიერი თანამშრომლობა გვექნება საქართველოს მთავრობასა და Mastercard-ს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმის სფეროში საჭირო მონაცემებზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ნაწილში, რათა არა მხოლოდ არსებული ბაზრები, არამედ ახლებიც იქნას ათვისებული იმ სამინისტროს მიერ, რომელიც ტურიზმის სექტორს კურირებს. საუბარია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზეც და მასთან თანამშრომლობაზე ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი დარგის სამომავლო ზრდისა და განვითარების მიზნით,“- განაცხადა ნიკოლა ვილლამ.

Businesspartner