ტურიზმი
02/09/2020

მესტიის მიმართულებით ფრენები ხვალიდან განახლდება

რამდენიმე კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია AK-Air Georgia ნატახტარი-მესტია-ნატახტარის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს ხვალიდან განაახლებს.

ავიაკომპანიას ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენების შეჩერება სვანეთში COVID-19-ის პრევენციის გამო მოუხდა, რადგანაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების სვანეთი ჩაიკეტა და შესაბამისად სვანეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებიც, დროებით, შეჩერდა. თუმცა 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება.

“ქვეყანაში, უფრო კონკრეტულად კი სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო თუმცა, მას შემდეგ რაც სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი გაიხსნა მესტიის მიმართულებით ფრენებიც აღდგა. აღნიშნული რეისებიც COVID-19-დან გამომდინარე ყველა არსებული რეგულაციების დაცვით ხორციელდება, ეს იქნება სოციალური დისტანცია, თერმოსქრინინგი, სავალდებულო პირბადის ტარება და სხვა. მესტია საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ულამაზეს რეგიონს ისევ მალე ბევრი ტურისტი ეწვევა”, აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარია. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

 

Businesspartner