ტურიზმი
11/02/2021

"მგზავრები" პანდემიამ 3 მლნ-მდე ლარით აზარალა

სასტუმროების ქსელ „მგზავრებს“  პანდემიამ 3 მილიონ ლარამდე ზარალი უკვე მიაყენა. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი აცხადებს, ამაში შედის მთლიანად, ჯგუფში შემავალი ყველა მიმართულების ზარალი. მათ შორის, სასტუმროს, დეველოპმენტის და რესტორნის.  

მისი ინფორმაციით, კომპანიას მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ ყველა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გაუშვა, ხარჯი მაინც აქვს. მათ შორისაა, გათბობის და ელექტროენერგიის ხარჯი.

როგორც მანუსაჩიანი განმარტავს, რომ სასტუმროს მუშაობის გასაახლებლად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები დასჭირდება.

„დაკეტილი სასტუმროს ამუშავება საკმაოდ რთულია. ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებთ. ალბათ საჭირო იქნება იმდენი, რაც ახალი სასტუმროს გახსნას უნდა. ასაყვანია თანამშრომლები, ამას დაემატება შიდა ინტერიერის გაახლება, რეგულაციიების დასაცავად საჭრო ხარჯი და ასე შემდეგ,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები  ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში გაჩერებულია  სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

მანამდე კი, სასტუმრო „მგზავრები“  ზამთრის სეზონზე ბაკურიანსა და გუდაურში დამსვენებლების მიღებას თითქმის განახევრებული ფასებით გეგმავდა.

 

 

Businesspartner