ტურიზმი
23/11/2022

მინისტრი: ITB Berlin-ზე აქცენტს ქართველების ძლიერ მხარეზე, სტუმარ-მასპინძლობაზე გავაკეთებთ

„ქართველების ყველაზე ძლიერი მხარე არის სტუმარმასპინძლობა და სწორედ ესაა მთავარი თემა და აქცენტი, რაც ITB Berlin - ის გამოფენის მსვლელობისას გვექნება წარმოჩენილი,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დროსაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კონცეფცია, როგორც ITB Berlin 2023 გამოფენის მასპინძელი ქვეყნის და ქვეყნის ტურიზმის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსი საქართველოს მისცემს პირდაპირ წვდომას მსოფლიოს უმსხვილეს ბაიერებთან და მიზნებრივ ბაზრებთან, 37 მლნ ევროს ღირებულების მედია დაფარვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ამით მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200-ათასიან აუდიტორიას, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენის მსვლელობისას საქართველოს ექნება მთავარ პავილიონში 705 კვ.მ. ფართობის სტენდი, რაც ქვეყანას უპრეცედენტოდ დიდი ოდენობით ტურიტული კომპანიის წარდგენის შესაძლებლობას მისცემს. მან მოუწოდა სექტორს თანამშრომლობისთვის, რათა საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყოს წარმოჩენილი და ქვეყანამ სრულად მიიღოს ის სარგებელი, რასაც ITB Berlin - ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი იძლევა.

პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის შესახებ ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა.

Businesspartner