ტურიზმი
05/08/2020

მინისტრი: სექტემბერში ფრენების შესრულებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები გვაქვს

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სექტემბერში ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ნათია თურნავას განცხადებით, ეტაპობრივად,  ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სხვა შესაძლო ფრენებიც გაიხსნება.

„აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით, დაფრინავს კომპანია Lufthansa, AirFrance-ის პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, ხვალ კი განხორციელდება airBaltic-ის პირველი რეისი – რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, კომპანია Georgian Airways ასრულებს კომერციულ ჩარტერებს – 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში და სულ ახლახან, პარიზის რეისი ჩამოფრინდა. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვა ავიაკომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოზე, არამედ სექტემბერზეც და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე განმარტებით,  ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით არ არის ერთმნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს, რათა სიტუაცია კვლავ ეფექტურად მართვადი იყოს.

Businesspartner