ტურიზმი
19/05/2021

მინისტრი: ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ველოდით

ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორის იმაზე სწრაფ აღდგენას ვარაუდობს, ვიდრე მოლოდინი არსებობდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი. ვფიქრობ, აღდგენა 30%-ზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50%-დეც იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა კარგია, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე გვსტუმრობენ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ, რომელიც მადრიდის ტურიზმის გამოფენაში Fitur 2021 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში გაიზარდა ტურისტების ჩამოსვლა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. „მადრიდის გამოფენაზე ვხედავთ გაზრდილ ინტერესს, რომ ევროპელი ტურისტები მეტად ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენს სამეზობლოდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ საზაფხულო სეზონისთვის მოვახერხებთ უსაფრთხოდ, ძალიან სერიოზული კონტროლით, გავხსნათ სახმელეთო საზღვრები დაახლოებით იგივე წესით, როგორც ჩვენ საჰაერო საზღვარი გვაქვს გახსნილი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარზე ყოველკვირეულად იზრდება როგორც ფრენების სიხშირე და ქვეყნების გეოგრაფია, ასევე ავიაკომპანიების რაოდენობაც. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ფრენებს დაიწყებს ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ევროვინგზი“, რომელიც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არ დაფრინავდა.

„ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, განსაკუთრებით მადრიდის ტურიზმის გამოფენის შემდეგ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner