ტურიზმი
05/11/2021

"მოგვეცა საქართველოს აღმოჩენის შესაძლებლობა" - ყაზახ ბლოგერები ქუთაისის აეროპორტს სტუმრობენ

ქუთაისის განახლებულმა საერთაშორისო აეროპორტმა ყაზახეთიდან ინსტაგრამ ბლოგერებს, ინფლუენსერებსა და პრესის ჟურნალისტებს უმასპინძლა.

მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლებმა და ყაზახეთის პოპულარულმა ბლოგერებმა მოფრენისა და გაფრენის დარბაზები, ასევე ტერასა გადაიღეს და ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებს გაეცნენ.

ქუთაისში მოხვედრა ყაზახეთის ოთხი ქალაქიდანაა შესაძლებელი. პირდაპირ რეგულარულ რეისებს დედაქალაქ ნურ-სულთანიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ასრულებს.

4 დღიანი პრეს-ტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია FlyArystan-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

"ვოცნებობდი საქართველოში მოხვედრაზე. მაინტერესებდა ქართული კულტურა, უგემრიელესი ქართული სუფრა. პირველ რიგში მოვიხიბლე თქვენი ხალხით და სტუმართმოყვარეობით. რაღაცით ვგავართ კიდეც ყაზახები და ქართველები, რაღაცით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომ საქართველოს აღმოჩენის შესაძლებლობა მოგვცეს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში, რომელსაც ძალიან ღრმა ისტორია აქვს. მინდა თითოეულ ტურისტს ვუთხრა, რომ აუცილებლად ჩამოვიდნენ საქართველოში, დაათვალიერონ და დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული კერძები”, - აცხადებს ყაზახი ბლოგერი აკერკე ბურბიტკეი.

პრეს-ტურში 13 ბლოგერი, ინფლუენსერი და ავიაკომპანია FlyArystan -ს წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და პოტენციალის შესახებ ვიდეო და ფოტო რეპორტაჟები მოამზადეს, რომელსაც ათიათასობით ინტერნეტ მომხმარებელი უკვე გაეცნო.

„არაჩვეულებრივი ტერასა გაქვთ, რომელიც ნამდვილად შემიყვარდა. აქედან იშლება ულამაზესი ხედი კავკასიონზე და ჩანს როგორ თვითმფრინავების დაჯდომა. ძალიან კარგია, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის პირდაპირი ფრენები გვაქვს ქუთაისის აეროპორტიდან. ეს არის კარგი შანსი ადამიანებისთვის, რომ იმოგზაურონ არამხოლოდ საქართველოში, არამედ კონკრეტულად ქუთაისში. აღმოაჩინონ იმერეთის რეგიონი და სამეგრელო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, მათ ნამდვილად გაგვითბეს გულები. არაჩვეულებრივი 4 დღიანი ტური გვქონდა. ყველა საუბრობს ქართულ კერძებზე, ღვინოსა და ბუნებაზე. მე კი მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რადგან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, რომ არა მათი სტუმართმოყვარეობა. რაც შეეხება აეროპორტს, რამდენიმე თვის წინ გაიხსნა ტერმინალი და ნამდვილად ძალიან ლამაზია, უცხო დიზაინი და კომფორტული“, - ამბობს ინფლუენსერი, ცნობილი ყაზახი მსახიობი დანიარ ალშინოვი.

Businesspartner