ტურიზმი
09/06/2021

მრავალფუნქციური კომპლექსი "მოედანი" სრულად 2023 წელს გაიხსნება

ავლაბრის ძველ უბანში მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ ეტაპობრივად, 2022 წლის ზაფხულიდან გაიხსნება. სრულად, თბილისს ახალი ტურისტული კომპლექსი 2023 წლისთვის ექნება.

პროექტის განმახოციელებლი კომპანია „მოედანის“ დირექტორი ვახტანგ გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული.

პროექტი მოიცავს 1.4 ჰექტარ ფართობზე განთავსებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს 220 აპარტამენტს, 4 საცხოვრებელ კორპუსს, 80 ნომრიან სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო სივრცეებს, კაფეებს, ბარებს, ბუტიკებს და 5200 კვ.მ. საზოგადოებრივ, თავშეყრის ადგილს.

„მესამე სართული დასრულებულია, დაახლოებით ერთ წელში სრულდება პროექტის სამშენებლო ნაწილი, შემდეგ კეთილმოწყობას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება. მომავალი წლის ზაფხულში პროექტი ნაწილობრივ გაიხსნება, 2023 წლის ზაფხულში კი სრულფასოვნად. იმედი გვაქვს, რომ პანდემიის მხრივ სხვა სიტუაცია იქნება. კომპლექსში არსებული სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება და „მოედანის“ ბრენდით გააგრძელებს ოპერირებას. საერთაშორისო ოპერატორის შემოყვანა არ განიხილება,“ - აცხადებს გურგენიძე.

მისი განმარტებით, პროექტში საცხოვრებელი ფართების გაყიდვები უკვე დაიწყო ,ამ დროისთვის უკვე გაყიდულია დაახლოებით 40%. კომლექსში 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის ღირებულება 1250-1550 აშშ დოლარის ფარგლებშია.

იქონია თუ არა  რეალიზაციაზე პანდემიამ  ნეგატიური გავლენა, გურენიძე აცხადებს, რომ კომპანიამ გაყიდვების ოფისი სწორედ პანდემიის პერიოდში გახსნა, თუმცა ინტერესი საზოგადოების მხრიდან მაინც არსებობს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 17 მლნ დოლარია, საიდანაც ნაწილი „თიბისი ბანკის“ სესხია.

Businesspartner