ტურიზმი
15/11/2021

ნათია თურნავა: 2022 წლიდან ახალი ტურისტული მარშრუტების და დასახლებების შექმნაზე ვიმუშავებთ

ეკონომიკურმა გუნდმა 40-მდე მსხვილი საინვესტიციო შეთავაზება განიხილა. მომზადებულია ახალი პროექტები. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პროექტების განხორციელება 2022 წლიდან დაიწყება. შესაბამისი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტშიც გამოიყოფა. 

"28 პროექტი ეს არის ახალი ტურისტული მარშრუტები და ტურისტული დასახლებები, ანუ საუბარი არ არის მხოლოდ 1 ან 2 ობიექტის განვითარებაზე, არამედ საუბარია ტურისტული რაიონების, დასახლებების შექმნის პროექტებზე, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ მომავალ წელს, 2022 წლის ბიუჯეტში ამისთვის შესაბამისი თანხები აისახება. 

ასევე გვაქვს ლოჯისტიკური პროექტები, რომელიც ახლოსაა ამოქმედებასთან. გვაქვს წმინდა ინდუსტრიული პროექტები, ძალიან სერიოზული გეგმები მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, მათ შორის IT ინდუსტრიაში და ამ კუთხითაც ბევრი სიახლე გველოდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

რაც შეეხება მთლიან საინვესტიციო ბიუჯეტს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დასახელება რთულია.   

"მხოლოდ ლოჯისტიკაში და ენერგეტიკაში ჯამში აღებულია 5 მლრდ დოლარზე მეტის საინვესტიციო პაკეტი. ამას დაემატება ტურისტული პროექტები. აქ ზუსტი ბიუჯეტი რომ ვიცოდეთ, უნდა ჩატარდეს წინასწარი კვლევა",- აცხადებს ნათია თურნავა. 

Businesspartner