ტურიზმი
07/06/2021

ნათია თურნავა: ვფიქრობ, კომენდატის საათის გაუქმებისკენ მივდივართ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურისტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, რეგიონების მიხედვით კომენდანტის საათის შემცირებას ან გაუქმებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

მისი თქმით, საქართველოში ტურისტები უფრო ხანგრძლივი დროით შემოდიან და მაქსიმალურად ცდილობენ, ბევრი რეგიონი მოიარონ. შესაბამისად, მათ ყველა რეგიონში ერთიანი წესი უნდა დახვდეთ.

“მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი ყოველთვის მომხრე ვარ ლიბერალიზაციის, მაგრამ საბოლოო ჯამში დაბალანსებულ გადაწყვეტილებას ვიღებთ. არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია არ დაგვიმარცხებია. რეალურად ჩვენი ჯანდაცვის სექტორის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ვახერხებთ გახსნებს, ისე, რომ არ უარესდება ეპიდემიოლოგიური ფონი. ეს არის დასაფასებელი და შესანარჩუნებელი.

რეგიონალური მიდგომა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. საქართველო ძალიან მიმზიდველი ტურისტული ადგილია, მაგრამ მცირე ქვეყანაა. რასაც ვუყურებთ, ტურისტების ქცევა ცოტა შეიცვალა, უფრო ხანგრძლივი დროით შემოდიან, ეს გასაგებიც არის, რადგან გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული საზღვრების გადალახვა - გადმოლახვა. აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივი დროით შემოსული ტურისტი ცდილობს, ყველა რეგიონი მაქსიმალურად მოიაროს. ჩვენ გვინდა, რომ უნიფიცირებული ერთიანი წესი დავახვედროთ. ალბათ, დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვიმსჯელებთ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებაზე. ეტაპობრივად საათებს ვამცირებთ, ნელ-ნელა მემგონი გაუქმებისკენ მიდვივართ, მაგრამ სახმელეთო საზღვრები ჯერ ახალი გახსნილია. 1-2 კვირა ყოველთვის გვჭირდება, რომ დავაკვირდეთ დინამიკაში, ჩვენ შიგნით კარგად ვმართავთ, ტურისტულ ნაკადებს უსაფრთხოდ ველოდებით, მაგრამ გარკვეული რისკები ამას მაინც მოაქვს.  2 კვირის ბოლოს გამოჩნდება, სახმელეთო საზღვრების გახსნამ რაიმე ხომ არ გააუარესა, შემდეგ უკვე გვექნება საშუალება, კომენდანტის საათის გაუქმებაზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner