ტურიზმი
10/09/2021

"პორტუგალიაში ქართველ სტუდენტები ტურიზმის სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ"

ქართველ სტუდენტებს პორტუგალიაში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ექნებათ, - დეტალები განიხილეს პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილი ამ ქვეყნის ტურიზმის სახელმწიფო მდივანთან რიტა მარკესსა და ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტთან ლუიშ არაუჟუსთან შეხვედრაზე.

„მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ პორტუგალიის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისცემს ქართველ სტუდენტებს ამ ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით ჩამოსვლის შესაძლებლობას, რომლის დროსაც ისინი გაეცნობიან ადგილობრივი ტურიზმის სექტორს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით, მომსახურების ხარისხის ამაღლებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი რეისების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენენ ავიაკომპანიას, რომელიც პირდაპირი რეისების შესრულებას გადაწყვეტს.

 

Businesspartner