ტურიზმი
22/07/2020

რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გადავადდა - ავიაციის სააგენტო

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. საავიაციო სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. 

„NOTAM-ი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით)“-წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. 

უწყების ინფორმაციით, შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება.

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

შეგახსენებთ, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან, შემდეგ კი 1 აგვისტოდან  დაანონსდა. გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად.

თუმცა საბოლოოდ რეგულარულ ფრენებზე დაშვება 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა. 

Businesspartner