ტურიზმი
12/08/2021

რომელი ბრენდის სასტუმრო დაიწყებს წალკის კანიონზე ოპერირებას, ამ ეტაპზე, უცნობია

წალკის (დაშბაშის) კანიონის ნაწილი  გაიხსნა.

როგორც კომპანია KASS LAND-ში აცხადებენ, პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები წალკის კანიონზე არ შეჩერებულა. ამ ეტაპზე დასრულებულია და გაიხსნა ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შესახებ.

ასევე, მოეწყო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი, სიგრძით 1.5 კმ (ერთი გზა),  პანორამული გადმოსახედებით, საიდანაც კანიონის ულამაზესი ხედები იშლება. ბილიკი ვიზიტორს კანიონის კასკადურ ჩანჩქერებამდე მიიყვანს და უზრუნველყოფს მათ მარტივ და უსაფრთხო გადაადგილებას. 

კომპანიის ინფორმაცით, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის გახსნა 2022 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო.

„საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარლებში, რომელიც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პირველად ხორციელდება, მიმდინარეობს გრანდიოზული მულტიფუნქციური სივრცის მოწყობა. პროექტის მიხედვით, კანიონზე სრულიად უნიკალური შუშის ხიდის  გარდა, მოეწყობა ინფრასტრუქტურა თანმდევი ეკოტურისტული - ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა აშენდება,“ - აცხადებენ KASS LAND-ში.

კითხვაზე, განიხილება თუ არა პროექტის ფარგლებში არსებულ სასტუმროში საერთაშორისო ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობა, KASS LAND-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სასტუმროს ოპერირების საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, წალკის კანიონის გასაიჯარებლად ჩატარდა ელექტრონული საჯარო აუქციონი, რომლითაც 2019 წელს ობიექტი გადაეცა ებრაულ კომპანია KASS LAND-ს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყებამდე, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ არსებობდა.

„წალკის კანიონი დღეისათვის არის სრულად ახალი სიცოცხლე წალკის მუნიციპალიტეტისთვის, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს ქვეყნის, განსაკუთრებით კი რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალური,“ - აცხადებენ KASS LAND-ში.

შეგახსნებეთ, რომ დაცულ ტერიტორიაზე პროექტს ისრაელის კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2016 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპამდე დაასაქმა 1000-მდე ადამიანი.

 

 

Businesspartner