ტურიზმი
11/09/2020

საქართველოს გასტრონომიულ ტურიზმს უდიდესი პოტენციალი აქვს - თამარ სიხარულიძე

ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, - მიიჩნევს გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე თამარ სიხარულიძე.  

„მნიშვნელოვანია ქართული სამზარეულოს გამრავალფეროვნება და უძველესი ქართული კერძების აღდგენა. ამ მხრივ უამრავი გეგმა გვქონდა, თუმცა კორონავისურის პანდემიამ ხელი შეგვიშალა. მსოფლიოში გასტრონომიული ტურიზმი დიდი პოპულარობით სარგებლობს და საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს, ქვეყანამ უნდა შეძლოს ამის სწორად წარმოჩენა და შეიმუშაოს მარკეტინგული გეგმა. ბევრი რესტორანია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ქართული კერძების ახალ ვარიაციებს გვთავაზობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის,“ – ამბობს თამარ სიხარულიძე.

გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს 137 ობიექტს, მათ შორის მცირე, საშუალო და მსხვილ გასტრონომიულ ორგანიზაციებს. ასოციაცია 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა და დაფუძნებისთანავე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა.

"პანდემია, რომელმაც პლანეტის ყველა ტიპის ბიზნესი დააზარალა და არავინ იცის როდის და რა ფორმით დასრულდება, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიისთვის კი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩაკეტილი საზღვრების შედეგად, ვერც ერთმა ქვეყანამ შეძლო შიდა რესურსით ინდუსტრიის სამუშაო რეჟიმში შენარჩუნება, მათ შორის ბუნებრივია საქართველომ. 3.5 მილიონიან ქვეყანას საშუალოდ 7 მილიონი ტურისტი სტუმრობდა ბოლო წლების განმავლობაში და შესაბამისად ობიექტებს ჰქონდათ მოლოდინი და ფინანსური ვალდებულებები აღებული საბანკო სექტორთან.

დაგეგმილი პროგრამების ნაცვლად, ასოციაციამ რეალურად შეაფასა მოცემულობა და დაიწყო წევრი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო რეგულაციების გაცნობდა და მათი დახმარება ახალი წესების ადაპტაციაში.

კომუნიკაცია ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, ყველაზე ფასეული გამოდგა. ვინაიდან ასოციაცია არამხოლოდ თბილისის მასშტაბით ოპერირებს, არამედ რეგიონებშიც სხვადასხვა ადმინისტრაციული პრობლემა შეიქმნა. ბიუროკრატიული სირთულეების გადალახვაში ასოციაცია აქტიურად ჩაერთო.

ასეთ დროს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია 24-საათიან რეჟიმში აქტიური კომუნიკაცია წევრ კომპანიებთან, თითოეული ორგანიზაციის პრობლემის იდენტიფიცირება და ინდივიდუალური მიდგომა. შემდეგ კი მთავრობასთან კონსულტაციები და ჩართულობა. ასოციაცია არ არის მხოლოდ ფორმალური შეხვედრების გასამართი ადგილი, ის უნდა იყოს ქმედითი, დინამიური და ადეკვატური ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებაში. ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ასეთი ინსტიტუციური გაერთიანებები", - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.

თამარ სიხარულიძის თქმით, გასტრონომია ზუსტად ის სფეროა, რომელითაც საქართველო პოზიციონირებს როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება და ამ სფეროს მხარდაჭერა ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოიცავდეს ბიზნესის საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებას, დასაქმებული პერსონალის შენარჩუნების უზრუნველყოფას.

"ჩვენ შიდა რესურსით შევძლებთ ობიექტების შენარჩუნებას, ქართველ ხალხს უყვარს რესტორნებისა და კაფეების მომსახურებით სარგებლობა, გაიხსნა ბევრი კულინარიული სკოლა, აქტიურად ხორციელდება სატელევიზიო კულინარიული შოუები, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს ამ ინდუსტრიის პოპულარიზაციას.

პანდემიის არაპროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე, რთულია გათვლების გაკეთება და შესაბამისად ყოველდღიურად არის საჭირო ზომების მიღება", - აცხადებს თამარ სიხარულიძე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები