ტურიზმი
17/05/2021

სახმელეთო საზღვრების გახსნა შეუძლებელი არ არის - ტუროპერატორთა ასოციაცია

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ია თაბაგარის განცხადებით, ქვეყანაში მეტი ტურისტი რომ შემოვიდეს, სახმელეთო საზღვრები უნდა გაიხსნას.

“ქვეყნაში ტურისტების ძალიან დიდი წილი სახმელეთო საზღვრებიდან შემოდიოდა. არ ვარ ისეთი მიდგომის მომხრე, ოღონდ ბიზნესი იყოს და დავიხოცოთ. პირველ რიგში, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, გვინდა ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი ხალხი, ბუნებრივია, ამის შემდეგ მოდის, ბიზნესის მართვა. თუმცა სახმელეთო საზღვრების გახსნა შეუძლებელი არ არის. საზღვართანვე უნდა იყოს ლაბორატორიები, სადაც კორონავირუსზე სწრაფ ტესტებს გააკეთებენ, თუ ვინმე გასაბრუნებელია უკან, იქიდანვე გააბრუნონ. სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილებაც არსებობს“, - აღნიშნა ია თაბაგარმა “ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას. 

მისი თქმით, მთავრობაში სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით აბსტრაქტული პასუხები აქვთ, კონკრეტულ დროს არ ასახელებენ. 

“ამბობენ - მალე, მაგრამ ეს მალე როდის არის, არ ვიცით“, - აცხადებს ია თაბაგარი. 

ინფორმაციისთვის, მთავრობას სახმელეთო საზღვრების გახსნაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია. თუმცა, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი სახმელეთო საზღვრების გახსნა იქნება.  

Businesspartner