ტურიზმი
08/11/2021

სასტუმრო "მარკო პოლო გუდაური" ზამთრის სეზონისთვის ჯავშნებს აქტიურად იღებს

სასტუმრო "მარკო პოლო გუდაური" ზამთრის სეზონისთვის ჯავშნებს აქტიურად იღებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა  გვანცა მირზიაშვილმა  განუცხადა, მიუხედავად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, სასტუმროში აქტივობა ახლაც შეინიშნება.

„განწყობა ჩვეულებრივია, ვმუშაობთ, ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის, ჯავშნებს აქტიურად ვიღებთ. ძირითადი ინტერესი უცხოელებისგან (გალფის ქვეყნები,უკრაინა) მოდის, ჯავშნებიც შესაბამისად მათგანაა. ქართველები  წინასწარი ჯავშნებით ნაკლებად გამოირჩევიან, ამიტომ მათგან ჯავშნებს უფრო დეკემბრის თვიდან ველოდებით,“ - აცხადებს მირზიაშვილი.

რაც შეეხება მოლოდინებს, სასტუმროს ბიზნესის განვითარების მენეჯერი აცხადებს, რომ არც კი განიხილავენ იმას, რომ ეპიდემილოგიური მდგომარეობის გამო სასტუმროებს მუშაობა ზამთრის სეზონზე შეეზღუდოთ.

„არც კი გვაქვს ამის მოლოდინი, გამორიცხულია, გასულ წელსაც იყო მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ იმუშავეს სასტუმროებმა, ვიცით, რომ საბაგიროებიც გაიხსნება და შესაბამისად, მოლოდინი დადებითი გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ ჯავშნების გაუქმებები არ იქნება,“ - აცხადებს მირზიაშვილი.

მისი ინფორმაციით, „მწვანე ბარათების“ სისტემა აუცილებლად უნდა დაინერგოს და გააქტიურდეს ვაქცინაცია. როგორც მირზიაშვილი აცხადებს, სხვა გამოსავალი არ აქვს არც ბიზნესს, არც მთავრობას და არც საზოგადოებას.

Businesspartner