ტურიზმი
10/11/2021

სასტუმრო "მგზავრები": ზამთარში აქტიური სეზონის მოლოდინი გვაქვს

სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ მიმდინარე ზამთრის  საკურორტო სეზონზე დიდ იმედებს ამყარებს.

როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, არც ბაკურიანში და არც გუდაურში  ამ ეტაპზე ჯავშნები არ არის, თუმცა, იმედს იტოვებს, რომ ზამთარში, განსაკუთრებით კი საახალწლო პერიოდში  „მგზავრებს“ ბევრი  დამსვენებელი ეყოლება.

„ამ ეტაპზე ქართველები ინტერესდებიან, უცხოელები ჯერ არ აქტიურობენ. შესაბამისად, ჩვენც გათვლა ამ ეტაპზე ადგილობრივ დამსვენებელზე გვაქვს. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, მგონია, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო არ ჩაიკეტება საზღვრები, სეზონი გუდაურში კარგად ჩატარდება. რაც შეეხება ბაკურიანს, აქ ამინდზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. პანდემიამდელ პერიოდში ჯავშნები 15 ოქტომბრისთვის იწყებოდა, წელს კი ეს აქტივობა არ არის,“ - აცხადებს მანუსაჩიანი.  

სასტუმროების ქსელ „მგზავრების“ გენერალური დირექტორის მოადგილე 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებასაც  აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის ეს გადაწყევტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის გააქტიურებას, რადგან დამსვენებლები უფრო დაცულად იგრძნობენ თავს.

 

Businesspartner