ტურიზმი
13/01/2022

სასტუმრო Quadrum: "ომიკრონმა" გუდაური ფაქტობრივად დაცალა

სასტუმრო Quadrum-ი გუდაურში ზამთრის სეზონის მიმდინარეობაზე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა და „ომიკრონის“ შტამი გააქტიურდა, გუდაური ფაქტობრივად დაიცალა.

სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი აცხადებს, რომ ხის კონტეინერებისგან დამზადებულ, ჯამში 23 ნომრიან სასტუმროში ამ დროისთვის 3 ნომერია დატვრითული, აქედან 2 -ადგილობრივი ტურისტია, ერთი  დამსვენებელი ბულგარეთიდანაა.

Quadrum-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მიმდინარე ზამთრის სეზონს დასაწყისი კარგი ჰქონდა, დეკემბერში სასტუმრო სრულად იყო დატვირთული, ახლა კი სიტუაცია შეცვლილია.

„გუდაურში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, თუმცა, ხალხის ნაკლებობა მაინც იგრძნობა. ამას მარტო ჩემი სასტუმროს მაგალითზე არ ვამბობ, ტრასებიც უჩვეულოდ ცარიელია.  შეიძლება ეს ახალი წლის შემდგომ პერიოდსაც დავაბრალოთ, თუმცა, ძირითად გავლენას პანდემია ახდენს. ამ აქტივობით მუშაობა რთულია, თუმცა, რას ვიზამთ, ბიზნესის შენარჩუნების პოზიციაზე ვართ. ჯავშნებიც არ გვაქვს. იმედია არ დაგვხურავენ,“ - აცხადებს ერისთავი.

11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა, მონოლითისგან დამზადებული მეორე სასტუმრო კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე სასტუმრო ტურისტების მხრიდან დიდი აქტივობით გამოირჩეოდა. სასტუმროს ძირითადი სტუმრები უცხოელები იყვნენ.

მისი ინფორმაციით, ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას  და საკონფერენციო დარბაზი.

ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით 3-4 მილიონი  ლარი დაჯდა. ამ დროისთვის 3000 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე  განთავსებული  ხის კონტეინერები უმაღლესი ხარისხის ხისგანაა აწყობილი და მინუს 40 გრადუს სიცივეზეა გათვლილი.

Quadrum-ში  კონტეინერების შემთხვევაში 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 90 აშშ დოლარიდან  იწყება.კონტეინერები ქუთაისში, ერთ-ერთ გადამამუშავებელ ქარხანაში მზადდება. 1 კონტეინერის ფართი 21 კვადრატული მეტრია (შედის სველი წერტილებიც).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები