ტურიზმი
29/11/2021

სასტუმრო "შელე": ქაოსია, არ ვიცი როდის გავიხსნებით

სასტუმროებში, რესტორნებსა და ფიტნეს დარბაზებში 1-ლი დეკემბრიდან მომხმარებლების ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე შესვლა იკრძალება.  როგორ აისახება ეს რეგულაცია მომხმარებელთა რაოდენობაზე და რა მოლოდინები აქვს გუდაურში მდებარე სასტუმრო „შელეს“ ზამთრის საკურორტო სეზონთან დაკავშირებით.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ სასტუმროს ხელმძღვანელი მარინა რამინაშვილი ამბობს, ამ დრომდე გაურკვეველია რეალურად შეძლებს თუ არა სასტუმრო მუშაობას და თუ შეძლებს, რა დატვირთვით. რამინაშვილი აცხადებს, რომ სიტუაცია მძიმე და გაურკვეველია.

„დამოკიდებული ვართ ბევრ რამეზე. პირველ რიგში - ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, შემდეგ ამინდზე, ხალხის გადახდისუნარიანობაზე. ამ დროისთვის სასტუმრო დახურულია. ვემზადებით, რომ როგორც კი თოვლი მოვა და საბაგირო ჩაირთვება, გავიხსნათ. მანამდე აზრი არ აქვს. წინა წლებში ამ დროს სასტუმრო დაჯავშნილი მქონდა, ახლა მომხმარებელს რომ თანხის ნაწილი წინასწარ ჩავარციხინო, ვერ ვბედავ, მეშინია, არ ვიცი რა მოხდება, ის ფული კი შემდეგ დასაბრუნებელი მექნება, სრული ქაოსია,“ - აცხადებს რამინაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „მწვანე პასპორტის“ მექანიზმის ამოქმედება დიდი ალბათობით უშედეგო იქნება. „პროფესიით ექიმი ვარ, 20 წელია სასტუმროს ვამუშავებ და მსგავსი, გაურკვეველი სიტუაცია არ მახსოვს. ომიც გამოვიარეთ, ბევრი პერიპეტიები და ასეთი გაურკვევლობა არ მახსოვს. არ მგონია, დიდი დატვირთვა იყოს. ეპიდემია მთელი მსოფლიოს პრობლემაა, არ ვიცი რა იქნება,“ - აცხადებს რამინაშვილი.

შეგახსენებთ, 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები.

Businesspartner