ტურიზმი
02/12/2020

სასტუმრო ცარიელია, არ არის ჯავშნებიც - ამბროლაურის სასტუმრო “ოლიმპი“

ამბროლაურის სასტუმრო „ოლიმპის“ თანადამფუძნებელი მარიამ ბარსონაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ამბროლაური არც სათხილამურო კურორტია და მთავრობის შეზღუდვები დახურვასთან დაკავშირებით არ შეხებია, ამ ეტაპისთვის სასტუმრო ცარიელია, არ არის ჯავშნებიც.

როგორც ბარსონაძე აღნიშნავს, წელს სასტუმროში აქტივობა თითქმის 80%-ითაა შემცირებული.

„ჩვენი სასტუმრო ძირითადად სპორტულ ჯგუფებზე მუშაობდა, სპორტულ ფედერაციებთან გაფორმებული გვქონდა ხელშეკრულება და თითქმის ყველა სპორტსმენი, რომელიც რაჭაში ჩამოდიოდა, ჩვენს სასტუმროში ჩერდებოდა. ამბროლაურში არის კარგი სპორტული კომპლექსები, სპორტული ბაზები, სადაც შეიძლება სპორტსმენმა ივარჯიშოს. ამაზე ვიყავით ორიენტირებული. თუმცა, ახლა არც სპორტული დარბაზებია ღია და დროებით დაპაუზდა ყველაფერი“, - აცხადებს ბარსონაძე.

მისი განცხადებით, წელს საახალწლოდ მაინც დაიტვირთება თუ არა სასტუმრო ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული, მათ შორის იქნება თუ არა თოვლი.

„რთულ სიტუაციაში ვართ, ამხელა სასტუმროს ვინახავთ, პლუს გვაქვს ბანკის სესხები. მეტი განვითარება გვინდოდა, დაწყებული გვქონდა მარნების, რესტორნის და კაფის  მოწყობა, რომ ტურისტისთვის უფრო მეტად მიმზიდველი და საინტერესო ყოფილიყო ჩვენი ლოკაცია. ყველაფერი გავაჩერეთ“, - აცხადებს ბარსონაძე.

სასტუმრო "ოლიმპი" რაჭაში, ამბროლაურის ცენტრთან ახლოს, მდინარე კრიხულას სანაპიროზე მდებარეობს. სასტუმროში 34  ნომერია და 100 სტუმრის მიღება შეუძლია.

 

Businesspartner