ტურიზმი
02/07/2021

სასტუმროების დატვირთულობა პანდემიამდელ მაჩვენებელს წელს 55%-ით ჩამორჩება

TBC Capital-ის მოლოდინით, 2021 წელს საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 55%-ით ნაკლები იქნება. დატვირთულობა შესამჩნევად აღდგება 2022 წელს, ხოლო 2023-ში კრიზისამდელ ნიშნულს 5%-ით ჩამორჩება.  

ადგილობრივი დამსვენებლის გააქტიურების და ტურისტული ვიზიტების შედარებით გაუმჯობესების პარალელურად, დატვირთულობა გაზრდილია საქართველოს მასშტაბით.

აჭარაში გაუმჯობესება დაჩქარებულია ბათუმის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებით. მაისში 2019 წლის საერთაშორისო ვიზიტების 65% აღდგა. კახეთის სასტუმროებში შედარებით სწრაფი აღდგენა ადგილობრივი ტურიზმით არის განპირობებული, რასაც თბილისთან სიახლოვე უწყობს ხელს.

დიდი ბრენდირებული სასტუმროები დატვირთულობის მაჩვენებლის აღდგენაში უპირატესობას ინარჩუნებენ და ასეთ სასტუმროებში საშუალო დღიურ ფასში მიმდინარე წლის განმავლობაში პოზიტიური დინამიკაა, თუმცა პრე-კრიზისულ დონეს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დაბალი დატვირთულობის ფონზე. უფრო კონკრეტულად, -34%-ით II კვარტალში, 2019 წელთან შედარებით.

მაღალი მიწოდებისა და მოთხოვნის ეტაპობრივი დაბრუნებით განპირობებული სასტუმროებს შორის დიდი კონკურენციის გამო, სასტუმროების ფასების აღდგენას შედარებით მეტი დრო დასჭირდება და 2023 წლისთვის პრე-კრიზისულ მაჩვენებელს 7%-ით ჩამორჩება.

Businesspartner