ტურიზმი
04/09/2020

სექტემბერში Air Europa მადრიდი-თბილისის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს გეგმავს

ესპანური ავიაკომპანია Air Europa მადრიდი-თბილისი-მადრიდის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას გეგმავს.

ავიარეისების ორგანიზებას Green Aviation-ი ახდენს, სადაც განმარტავენ, რომ ამ დროისათვის მგზავრების სათანადო რაოდენობის შეგროვება ხორციელდება. რეისები 14 და 18 სექტემბერსაა ჩანიშნული.

14 სექტემბერს დაგეგმილი ავიარეისი იქნება შემომყვანი და Air Europa მგზავრებს მხოლოდ მადრიდი-თბილისის მიმართულებაზე მოემსახურება, 18 სექტემბრის რეისი კი გამყვანი იქნება და მგზავრებს თბილისი-მადრიდის მიმართულებით გადაიყვანს.

რეისების განხორციელებაზე ამ დროისათვის მარეგულირებელი უწყებიდან კომპანიას ნებართვა არ აქვს და შესაძლოა მისი განხორციელების თარიღი შეიცვალოს.

რეისების გამოყენება შესაძლებელია ტრანზიტული მოგზაურობის დასაგეგმადაც.

COVID-19-მდე თბილისსა და ბარსელონას შორის რეგულარულ რეისებს Georgian Airways-ი ასრულებდა, ქუთაისსა და ბარსელონას შორის კი ავიაკომპანია Wizz Air-ი.

Air Europa საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას 2019 წელსაც გეგმავდა და ავიაკომპანიასან გარკვეული მოლაპარაკებები 2018 წელსაც მიმდინარეობდა.

Businesspartner