ტურიზმი
10/09/2020

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი: შიდა ტურიზმი ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ველოდით

ზაფხულის სეზონი „სოკარი ჯორჯია პეტროლეუმის“ თერჯოლასთან მდებარე მულტიფუნქციური კომპლექსისთვის მოსალოდნელზე წარმატებული აღმოჩნდა. როგორც კომპანიის დირექტორმა, ლევან გიორგაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ობიექტი დღეში რამდენიმე ათას სტუმარს მასპინძლობდა.

„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პანდემიის მიუხედავად, საკმაოდ კარგი ზაფხულის სეზონი იყო. განსაკუთრებით, აგვისტოს თვე იყო დატვირთული. თუმცა, რა თქმა უნდა, ტურისტების არარსებობამ ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ ქვეყანას. ჩვენი შეფასებით, რომ არა პანდემია, დაახლოებით, მინიმუმ 2-ჯერ მეტი იქნებოდა ამ ობიექტზე აქტივობა. ჩემი მოლოდინი უფრო ცუდი იყო, შესაბამისად, ცოტა გაგვიხარდა იმიტომ, რომ ბევრად უკეთესი შიდა ტურიზმი გვქონდა, ვიდრე ველოდით. ობიექტი საკმაოდ დატვირთული იყო. ივნისში დღეში 5 000 სტუმრით რომ დავიწყეთ, აგვისტოში დაახლოებით 12 000-მდე ავედით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია“,- აღნიშნა ლევან გიორგაძემ.

„სოკარის“ მულტიფუნქციურ კომპლექსზე „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა, ელექტრომობილის დამტენიც ფუნქციონირებს.

ფუნქციონირებს სუპერმარკეტი "ვეი მარტი", კვების ობიექტები Dunkin Donuts-ი და Wendy’s-ი, ასევე ჯიპისის აფთიაქი.  

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, „სოკარის“ მულტიფუნქციურ კომპლექსს მუშაობა არ შეუწყვიტავს და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაციის დაცვით მასპინძლობს სტუმრებს.

 

 

Businesspartner