ტურიზმი
06/02/2021

"სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ისრაელიდან გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს მალე ვნახავთ"

დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში, საქართველოში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ისრაელიდან გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს ვიხილავთ. რადგან, მისი თქმით, ამ ქვეყნებში კოვიდვაქცინაციის მაღალი ტემპია. 

„სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს ტურიზმის სექტორში განსაკუთრებული ზრდის ტემპით ხასიათდებოდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აგენერირებდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით მხარჯველუნარიან ტურისტებს.

1-ელი თებერვლიდან ფაქტობრივად მოხსნილია ნოტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანიას, მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც კოვიდ-19-მდე ოპერირებდნენ საქართველოში, აქვთ შესაძლებლობა, შეუზღუდავი რაოდენობით იფრინონ ჩვენს ქვეყანაში.

სპარსეთის ყურის ქვეყნების, ისრაელის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ბინადრობის მქონე პირებისთვის დაშვებულია ქვეყანაში ორი მარტივი ფორმით შემოსვლა. პირველი, რომელსაც PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ექნება, შეუძლია შემოვიდეს ქვეყანაში და იზოლაციისგან გათავისუფლდეს, თუ მესამე დღეს განმეორებით გაიკეთებს ტესტს. ვაქცინაციის სრული კურსის შემთხვევაში კი, დამატებითი რეგულაციის გარეშე შემოსვლაა შესაძლებელი, რაც ზრდის შესაძლებლობას, რომ ტურიზმი სწრაფად აღდგეს.

ვაქცინაციის პრიორიტეტი ყველა ქვეყანაშია. ტემპით, ლიდერია ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები. რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მალე, ამ ქვეყნებიდან ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, კერძო სექტორს აქვს უკვე გამოცდილება, როგორ უნდა მიაწოდოს მოხმარებელს სერვისი კოვიდპანდემიის დროს, რეგულაციების დაცვით.

„ასევე, სტრატეგიულმა ავიაკომპანიებმა, ფაქტობრივად ბოლო 2 კვირის განმავლობაში, სწრაფად მოახდინეს რეგულაციებზე ადაპტირება. ისეთმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა turkish airlines, pegasus, flydubai გაზარდეს სიხშირეები. თუ კი აქამდე ოპერირებდნენ კვირაში 2 სიხშირით, თებერვლის ბოლოდან, მარტის დასაწყისიდან turkish airlines და pegasus 7 სიხშირით იფრენენ, flydubai 4 სიხშირით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Businesspartner