ტურიზმი
11/09/2021

"ტავ ჯორჯია" Thai Airways-ისა და Saudia-ს შემოყვანაზე მუშაობს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ამ ეტაპზე 19 ავიაკომპანია ოპერირებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასრულების შემდეგ, ბაზარზე სავარაუდოდ 8-9 ავიაკომპანია დარჩება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა განუცხადა.

„ეს ის მონაცემებია, რასაც ამ დროისთვის ვფლობთ, მაგრამ, ეს შეიძლება შეიცვალოს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც არსებულ ავიაკომპანიებთან სიხშირეების დამატებაზე, ასევე ახალ ავიაკომპანიებთან, რომლებიც შეიძლება შემოვიდნენ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპრორტებში. ზამთრის სეზონზე ავიაკომპანიები სიხშირეებს ისედაც ამცირებენ და ისედაც გადიან ბაზრიდან, განსაკუთრებით ბათუმში. თბილისში უფრო მეტ ავიაკომპანიას ვინარჩუნებთ, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ისინი სიხშირეებს შეამცირებენ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

რაც შეეხება ახალ ავიაკომპანიებს, „ტავ ჯორჯია“ რამდენიმე ავიაკომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. მათ შორისაა Thai Airways, რომელიც საქართველოს ბაზარზე გასულ წლებში დაფრინავდა ტაილანდის მიმართულებით, თუმცა, პანდემიის გამო ბაზრიდან გავიდა. „ტავ ჯორჯიაში“ სურთ, რომ ეს ავიაკომპნია საქართველოში დეკემბრიდან დაბრუნდეს. კიდევ ერთი ასეთი ავიახაზებია Saudia.

„გალფის ქვეყნებიდან ჩვენ ძალიან ბევრი ავიაკომპანია გვყვავს. ამ ეტაპზე, ჩვენი საავიაციო ბაზრის თითქმის 40%-ს ამ ქვეყნების ავიაკომპანიები იკავებენ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

მისივე თქმით, „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანიებს შეღავათებს და ფასდაკლებებს სთავაზობს, ვინაიდან პანდემიის გამო, სექტორმა ყველაზე მეტად იზარალა. ამიტომ, როგორც თეა ზაქარაძე აცხადებს, კომპანია ითვალისწინებს მათ მდგომარეობას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ავიაკოპანიები შემოვიდნენ ან ბაზარზე დარჩნენ.

 

Businesspartner