ტურიზმი
10/11/2022

თავისუფლების მოედანზე, LUXURY COLLECTION-ის გახსნა 2023 წლამდე გადაიდო - დეტალები

თავისუფლების მოედანზე, უმაღლესი კლასის Marriott Brand, Luxury Collection-ის გახსნა  2023 წლის გაზაფხულამდე გადაიდო. სასტუმროს ამოქმედება 2021 წლის ბოლოსთვის იყო დაანონსებული, თუმცა, როგორც პროექტის განმახორციელებელ საქართველოს თანაინვესტირების ფონდში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს,  დასრულების და გახსნის ვადები მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა.

„ბოლო 2 წელი ბიზნესისთვის საკმაო სირთულეებით იყო აღსავსე, განსაკუთრებით შემცირდა თბილისში მდებარე სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში არსებულმა ეპიდსიტუაციამ გავლენა მოახდინა უცხოელ კონტრაქტორებთან მუშაობის კუთხითაც, ვინაიდან საგრძნობლად გაიზარდა მასალების მიწოდების ვადები, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ვადებზე,“-აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

მათივე განმარტებით, სასტუმროში ამჟამად ბოლო ეტაპის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 2022 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, პროექტის საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა $137 მლნ-ს  შეადგენს.

Luxury Collection-ში იფუნქციონირებს ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები,  სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი, რომელსაც თბილისის შესანიშნავი ხედები დაამშვენებს.

პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თაბორის მთაზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს" და „გოლფ კლუბს“.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. 

ფონდი, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.

ფონდი ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის ოთხს სექტორში ახორციელებს: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა, და მრეწველობა, რის ფარგლებშიც ჯამურად განხორციელებულია 10-მდე პროექტი. რაც შეეხება საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს მის პორტფელში დამატებით 10 სასტუმროს პროექტი ერთიანდება.

Businesspartner