ტურიზმი
09/12/2021

TBC Capital: ტურისტული ლოკაციები, ცივ სეზონზე, შესაძლოა დამატებითი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ

ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, სასტუმროები და ასევე, დიდი დახურული სივრცის მქონე სხვა ტურისტული ლოკაციები, ცივი სეზონების მოახლოებასთან ერთად, სეზონურობიდან გამომდინარე მოთხოვნის შემცირების გარდა, შესაძლოა სხვა დამატებითი სირთულეების წინაშე აღმოჩნდეს.

TBC Capital–ი პროგნოზით, პანდემიის პერიოდში მომხმარებლების მოზიდვა შესაძლოა დამატებით გართულდეს იქიდან გამომდინარე, რომ ზამთარში, დამსვენებლებს დიდი დროის გატარება მოუწევთ დახურულ სივრცეში უცხო ადამიანებთან ერთად. მოგზაურები სწორედ ამ გარემოებას არიდებენ თავს პანდემიის პირობებში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელი საქართველოში სასტუმროებისთვის არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებლებით დასრულდა.

სასტუმროებს მძიმე გზის გავლა მოუწიათ, იზოლაციის და დამატებითი მკაცრი შეზღუდვების პირობებში, რაც ისედაც შეზღუდულ შემოსავლის წყაროებს კიდევ უფრო მეტად ზღუდავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა ახალ რეალობასთან შეგუება დაიწყეს, მსოფლიო შედარებით გამოცოცხლდა და სასტუმროების ინდუსტრიამაც აღდგენა დაიწყო.

საქართველოში, 2021 წლის ზაფხულში, სასტუმროებში საშუალო დატვირთულობის საკმაოდ მაღალი დონე დაფიქსირდა. აგვისტოში დატვირთულობამ 68% შეადგინა, რაც მხოლოდ 4%-ით ჩამორჩა 2019 წლის დონეს. პიკის სეზონის დასრულების შემდგომ, დატვირთულობის მაჩვენებელმაც კლება დაიწყო და ოქტომბერში 41%-ს გაუტოლდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18%-ით ნაკლებია.

რეპორტის მიხედვით, საშუალო და მცირე ზომის სასტუმროებმა შეძლეს ახალ რეალობასთან მორგება, რაც დატვირთულობის მაჩვენებელშიც აისახა. ოქტომბერში, საშუალო და მცირე ზომის სატუმროებში დატვირთულობამ 28% შეადგინა და 2019 წლის დონეს მხოლოდ 15%-ით ჩამორჩა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები