ტურიზმი
31/05/2021

თბილისში Hilton-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა სექტემბერში იგეგმება

თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა სექტემბერში იგეგმება.

როგორც პროექტის განმახორციელებლი კომპანია „რედიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, თუმცა აქამდე პანდემიის პირობებში მის გახსნას აზრი არ ჰქონდა.

"ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დღევანდელი მდგომარეობით, სასტუმრო გვინდა სექტემბერში გავხსნათ," - აცხადებს ლაშა პაპაშვილი. 

შეგახსენებთ, სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. Hilton-ის პირველი სასტუმრო დედაქალაქში ჯერ 2020 წლის თებერვალში, შემდეგ კი მარტში უნდა გახსნილიყო.

Hilton Garden inn.-ი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მლნ დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.

Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის მეორე სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში გაიხსნება. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.

 

Businesspartner