ტურიზმი
12/05/2021

წალკის კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცე პირველ ვიზიტორებს ივლისიდან მიიღებს

„ეს ადგილი, არა მხოლოდ წალკის და ამ რეგიონის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის , სავიზიტო ბარათი იქნება,“ - განაცხადა კომპანია KASS LAND-ის დირექტორმა, ეკა თორდიამ წალკის კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობაზე საუბრისას.

დაცულ ტერიტორიაზე ისრაელის კომპანია KASS LAND-ის მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოსაწყობად სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულების ეტაპზეა. წალკის კანიონზე ვიზიტორთა ცენტრი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორანი და 250 ადამიანზე გათვლილი ღია კაფე უკვე აშენებულია.

დასრულების ეტაპზეა 240 მეტრიანი შუშის ხიდის მშენებლობაც. გარდა ამისა, აშენებულია 57 კოტეჯიც. ეკოტურისტული სივრცე პირველი ვიზიტორების მიღებას უკვე ივლისიდან შეძლებს. თუმცა, ამ ეტაპზე, კომპანიას უჭირს ფასებზე საუბარი უჭირს.

ტერიტორიაზე მოეწყობა 240 მეტრიანი ზიპლაინ-ველოსიპედი, სასტუმრო კომპლექსი, სპა, აუზი, საქანელა და ამასთან, ვიზიტორებს ცხენებით გასეირნების სერვისიც დახვდებათ.

ახალი ეკოტურისტული სივრცე, რომელშიც 120 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 250 ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს. ადგილობრივების დასატრენინგებლად კი საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტები ჩამოვლენ.

კომპანია KASS LAND-ის დირექტორის, ეკა თორდიას თქმით, პროექტის შედეგი წალკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გამოცოცხლება იქნება. კომპანია შეიძენს და პოპულარიზაციას გაუწევს ადგილობრივ პროდუქციას. გარდა ამისა, ეკა თორდიას განცხადებით, ტურისტების მაღალი ინტენსივობის ნაკადი ადგილობრივ ფერმერებს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებსა თუ მცირე მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს, ასობით ათას ტურისტს მიაწოდონ თავიანთი სერვისი და განახორციელონ პროდუქციის რეალიზაცია.

პროექტის განსახორციელებლად, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინსპირაციაის წყარო წალკის კანიონის ბუნება იყო, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას თან გამოწვევებიც ახლდა.

„მთავარი გამოწვევა იყო შეგვენარჩუნებინა ამ უნიკალური ბუნების ავთენტურობა და შეგვძლებოდა ტექნიკურად ამ ხიდის ისე აშენება, რომ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტები, გეოლოგები, ინჟინრები, გარემოს დამცველები, გვაქვს არაერთი ტექნიკური საექსპერტო დასკვნა და ყველა ამ დოკუმენტისა და რეკომენდაციების სრული დაცვით ვახორციელებთ ამ პროექტს," - განაცხადა ეკა თორდიამ.

კიდევ ერთი გამოწვევა კოვიდ პანდემიას და შედეგად ტურიზმის სექტორზე მიყენებულ ზიანს უკავშირდება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პანდემია კომპანიისთვის არა შემაფერხებელი, არამედ სტიმულის მიმცემი ფაქტორი აღმოჩნდა.

„პანდემიის დროს უკვე დაწყებული გვქონდა ინვესტიცია და რა თქმა უნდა პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ტურიზმს, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო უფრო მეტი სტიმული, რომ გაგვეგრძელებინა ინვესტიცია. წარმოიშვა მოთხოვნა ეკოტურიზმის მიმართულებით, შიდა ტურიზმი და ბუნებაში დასვენებაზე მოთხოვნა გაიზარდა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ არც ერთი დღე არ შეგვიჩერებია მშენებლობა, პირიქით, ინტენსიურად ვაგრძელებდით სამშენებლო სამუშაოებს და უფრო მეტიც, 30 მლნ ლარით გაიზარდა ჩვენი საინვესტიციო პაკეტი.“ - აღნიშნა ეკა თორდიამ.

ცნობისთვის, KASS LAND-მა საქართველოში ოპერირება 2016 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპამდე დაასაქმა 1000-მდე ადამიანი.

Businesspartner