ტურიზმი
16/06/2020

ტურისტებს უსაფრთხო გარემოს და შემცირებულ ფასებს ვთავაზობთ - სასტუმრო ადმირალი

სასტუმრო „ადმირალი“ ერთ-ერთი იმ სასტუმროთაგანია, სადაც შიდა ტურიზმის გახსნის შემდეგ პირველი ტურისტები მიიღეს. როგორც სასტუმროს მენეჯერი ალექსანდრე ქიქავა აღნიშნავს, სასტუმრო მზადაა ტურისტებს უსაფრთხო გარემო შესთავაზოს, რაშიც მათ კარანტინის მართვისას დაგროვილი წარმატებული გამოცდილება ეხმარება.

„შიდა ტურისტებს პირველ რიგში ვთავაზობთ უსაფრთხო გარემოს. თითოეული სტუმარი, რომელიც შემოდის ჩვენს სასტუმროში გრძნობს, რომ ჩვენი პერსონალისთვის მისი უსაფრთხოება პრიორიტეტია. მომწონს ქართველ ტურისტებთან მუშაობა, ვინაიდან საკმაოდ მომთხოვნი არიან, რაც გვეხმარება უფრო დახვეწილი სერვისის მიწოდებაში,“ - განმარტავს ქიქავა.

სასტუმროს მენეჯმენტი წინა წელთან შედარებით ტურისტებს წელს შემცირებულ ფასებს სთავაზობს. ალექსანდრე ქიქავა ფიქრობს, რომ არსებულ სიტუაციაში საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი უსაფრთხო და პოპულარული მიმართულება. ტურისტების მიღებამდე სასტუმროს სპეციალური შემოწმება გაიარა.

„მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო "ადმირალმა" მიიღო მონაწილეობა საკარანტინო სივრცეების სახელმწიფო პროგრამაში, შიდა ტურისტების მიღებამდე მოგვიწია სრული შემოწმების გავლა, რაც გამართლებულად მიგვაჩნია. რეგულაციების სია საკმაოდ ვრცელია, განაცხადის შევსებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ობიექტზე გამოცხადდა ინსპექტორი, რომელმაც სრულად შეამოწმა სასტუმროს საერთო და პირადი მოხმარების სივრცეები. ჩვენმა პერსონალმა საკარანტინო სივრცეების პროგრამის დროს შეიძინა მდიდარი გამოცდილება და მზად არის ამაღლებული ეპიდემიოლოგური რისკის პირობებში მუშაობისთვის. გახსნამდე ჩვენ ჩავატარეთ დამატებითი უსაფრთხოების ტრენინგი და დავნერგეთ მომსახურების ახალი სტანდარტები, რომელიც მოყვანილია შესაბამისობაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისს და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებთან და რეგულაციებთან. დღევანდელ დღეს სასტუმროს ტერიტორიაზე ხორციელდება პერსონალისა და თთოეული სტუმრის თერმოსკრინინგი და აღრიცხვა, დანერგილია ოთახების დასუფთავების ახალი პროცედურები, დამონტაჟებულია სპეციალური ბარიერები და მარკირებება იატაკსა და კედლებზე. რესტორანში, რომელიც გარდა სასტუმროს სტუმრებისა გარე სტუმრებსაც ემსახურება ასევე ვიცავთ ყველა რეგულაციას, რომელიც ეხება სოციალური დისტანციის დაცვას და დეზინფექციის ჩატარებას. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემო შევქმნათ“, - აცხადებს ქიქავა.

 

 

Businesspartner