ტურიზმი
19/05/2021

ტურიზმში ღამის ცხოვრებას განსაკუთრებული როლი აქვს - Caucasus Travel-ი რეგულაციების შემსუბუქებაზე

ტურიზმში ღამის ცხოვრებას განსაკუთრებული როლი აქვს, - ასე აფასებს Caucasus Travel-ის დირექტორი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

საბა კიკნაძე ფიქრობს, რომ ნაბიჯები რომელიც გადაიდგა დადებითია, თუმცა ფრთხილი და სახელმწიფომ ზაფხულის სეზონზე ტურისტების მოსაზიდად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ამ გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა, რა თქმა უნდა, ვერ ექნება ტურისტების მოზიდვაზე. გადაადგილების შეზღუდვის გადაწევა თავის შედეგებს მაშინ მოიტანს, როდესაც აქ ჩამოსული ტურისტები მათ შთაბეჭდილებებს უკვე სხვა ადამიანებს გაუზიარებენ - ეს იქნება პირადად თუ სოციალური ქსელების მეშვეობით. მეტიც ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენიათ ტურისტებს როგორ შეიძლება ეპატიჟებოდე ქვეყანაში ადამიანს როცა იქ კომენდანტის საათი მოქმედებს. უნდა გავითვალისწინოთ რომ ტურიზმში ღამის ცხოვრებასაც ძალიან დიდი როლი აქვს. განსაკუთრებით ინდივიდუალურ და ახალგაზრდულ ტურიზმში.

ივლის-აგვისტოში ყველაზე აქტიური სეზონი გვაქვს და იმ პერიოდისთვის თუ ბევრი ვიზიტორი გვინდა ქვეყანაში შეზღუდვები გადაადგილებასთან და კვების ინდუსტრიასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს. ეს ცუდ შედეგებზე გაგვიყვანს. მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც აცრის მაჩვენებლები ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია,“ - საბა კიკნაძე Caucasus Travel-ის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეგულაციების ნაწილი 17 მაისიდან შემსუბუქდა. გადაადგილების შეზღუდვის დრომ 21:00-დან 23:00 საათამდე გადაიწია. გარდა ამისა, 22 მაისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობა დაშვებული ხდება. ამავდროულად სასტუმროში არსებული რესტორნებისთვის გახანგრძილვდა სამუშაო პერიოდი - 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათამდე.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სახმელეთო საზღვრებზე კვლავინდებურად შეზღუდვა ვრცელდება. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამ რეგულაციის მოხსნა გარღვევა იქნება ტურიზმის სექტორში. მისივე განმარტებით, მთავრობა ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს. უნდა ითქვას, რომ მთავრობამ უკვე დაანონსა რეგულაციების დამატებითი შემსუბუქების შესახებ 1-ლი ივნისიდან.

 

Businesspartner