ტურიზმი
17/04/2021

UAG: ზაფხულში ავიასექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებს 40-45%-ით დაუბრუნდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ით დაბრუნებას ვარაუდობს. საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის ინფორმაციით, ზაფხულში ფრენების აღდგენასთან ერთად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაც იგეგმება. 

“ზაფხულის სეზონისთვის გვაქვს მოლოდინი, რომ მოცულობის 40-45%-ს დავუბრუნდებით. რაც ევროპაზე მაღალია იმიტომ, რომ ჩვენი საავიაციო ბაზარი ზოგადად სწრაფად მზარდია და რეგენერაციის კუთხითაც ეს მოქნილობა გამოიჩინა, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც გამოიჩენს. აქვე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრი ავიაკომპანიაა დაინტერესებულია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებით. პანდემიის მიუხედავად გვყავს ახალი ავიაკომპანიებიც.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირებას იწყებს ქართული ავიაბაზრისათვის აბსოლუტურად ახალი ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც არის ყაზახური პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.

ასევე აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვაწარმოებდით. ამ ავიაკომპანიასთან მიმართებაში საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები და დადებითი მოლოდონი გაქვს. 

მესამე ახალი ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline-ა, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გეგმავს ფრენებს”, განმარტავს ვაკო ჭილაშვილმა.

საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიები ნელ-ნელა უბრუნდებიან და წლის ბოლომდე ქვეყნის ავიაბაზარი 30-მდე ავიაკომპანიით იქნება წარმოდგენილი.

“როგორც გლობალურად ასევე საქართველოშიც 2021 წლის ზაფხულიდან საავიაციო ბაზარზე დადებითი ძვრები შეინიშნება. მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აპრილის დასაწყისიდან, ანუ როცა რეალურად იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, რეისების განხორციელება დაიწყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. 18 აპრილიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების განხორციელებას Wizz Air-ი განაახლებს”, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები