ტურიზმი
22/10/2020

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC Research-ის შეფასებები

2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა.

კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19 პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააზარალა. განსაკუთრებული ვარდნა აპრილ-მაისში დაფიქსირდა, რის შემდეგაც ზოგიერთმა ქვეყანამ საზღვრები სრულად გახსნა, სხვა ქვეყნებმა მოგზაურობაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები გაახანგრძლივეს.

"საქართველო ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება. გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებს საქართველოს მშპ-ში მნიშვნელოვანი წილი უკავია (18,4% 2019 წელს), დიდი განსჯის საგანია უნდა შეამსუბუქოს თუ არა საქართველომ შეზღუდვები და, თუ ასეა, რამდენად? ჩვენ შევეცდებით ვიპოვოთ ამ კითხვაზე პასუხი იმ ქვეყნების მაგალითების შესწავლით, რომლებმაც სწრაფად გახსნეს საზღვრები ტურიზმის სექტორის აღსადგენად, მნიშვნელოვანი შეზღუდვებისა და რეგულაციების გარეშე.

კერძოდ, ანალიზისთვის შევარჩიეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამი ისეთი ქვეყანა, რომელიც გაიხსნა ყოველგვარი ტესტირებისა და საკარანტინო მოთხოვნების გარეშე: ჩრდილოეთ მაკედონია; სერბეთი და ალბანეთი. აპრილ-მაისში თითოეულ ქვეყანას ჰქონდა მკაცრი „ლოქდაუნი“, რის შედეგადაც ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის განულდა. 2020 წლის ივნისში, სერბეთსა და ალბანეთში ვიზიტორთა რაოდენობის მაჩვენებლებმა გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა სერბეთის მაჩვენებლებმა მომდევნო თვეებში დაახლოებით 90%-ით შემცირება განაგრძო. 2020 წლის აპრილის შემდეგ ყოველ თვეში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 90%-ზე მეტით შემცირდა.

ალბანეთმა მოახერხა შედარებით შესამჩნევად აღედგინა თავისი მაჩვენებლები: ალბანეთში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 72%-ით შემცირდა 2020 წლის ივნისში (2019 წლის ივნისთან შედარებით), ეს მაჩვენებელი ივლისში 67%-ს, აგვისტოში კი 63%-ს გაუტოლდა. ალბანეთის შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს წარმატების მაგალითად, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ ვირუსის გავრცელება ალბანეთში მეტ-ნაკლებად შეესაბამება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ამასთან, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რამაც ალბანეთს საშუალება მისცა ტურიზმის სექტორი აღედგინა შედარებით უფრო მეტად. ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მის მეზობელ ქვეყნებში არსებული ანალოგიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რაც ამარტივებს ქვეყნებს შორის მიმოსვლას. 2020 წლის აგვისტოში, ალბანეთში ჩასული უცხოელი ვიზიტორების 56% მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ”,  - აცხადებენ PMC Research-ში.

PMC-ში განმარტავენ, რომ საქართველოს შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის საზღვრების შეუზღუდავი გახსნა ვირუსის უკონტროლო გავრცელების საშიშროების გარეშე, რადგან საქართველოს თითოეულ მეზობელს ვირუსის გავრცელების შედარებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. 2019 წელს, საქართველოში ოთხი მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 71% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხო ქვეყნებთან ფრენების განახლება გარკვეულწილად შეამცირებდა ტურიზმის კლებას, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა მთლიანი ვიზიტორების რაოდენობასა და მიღებულ შემოსავლებზე. რომ შევაჯამოთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრენების განახლება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. უფრო მეტიც, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, შიდა ტურიზმიც შესაძლოა დაზარალდეს. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იმ ბიზნესებისა და შინამეურნეობების მხარდაჭერა, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებული, რადგან მათ შეეზღუდათ შემოსავლის ძირითადი წყარო და შესაბამისად, ესაჭიროებათ დახმარება, რათა მოემზადონ პოსტ-პანდემიური აღდგენისთვის.

 

Businesspartner