ტურიზმი
26/08/2020

USAID-ი საქართველოს კურორტების მართვის პროგრამის განხორციელებაში ეხმარება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან უკვე გაფორმდა.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს საკურორტო დასახლებების უფრო ეფექტური მართვისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდება. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს კურორტების ტურისტული მიმზიდველობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

ახალი პროგრამის საპილოტე პროექტი დაბა ბაკურიანით დაიწყება და საქართველოს სხვა ტურისტულად მიმზიდველ დასახლებებში გაგრძელდება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტში მონაწილეობს ასეთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია და პროექტს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ორიენტირებულია ტურისტული და მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან, მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და საბოლოო ჯამში, საქართველო კურორტებზე უფრო მეტი მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვასთან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური დახმარება იქნება აღმოჩენილი იმისათვის, რათა ახალი კომპანიის ფუნქციონირებით გაუმჯობესდეს როგორც ტურისტულ დასახლებებში მუნიციპალური სერვისების მიწოდება, ასევე ზოგადად ასეთი დასახლებების მართვა. მისი თქმით, აღნიშნული დახმარების შედეგად უკეთ იქნება შესაძლებელი ცალკეული დასახლებების ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩინება, და ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციების ინფრასტრუქტურული განვითარების დაგეგმვა და მართვა, რამაც სამომავლოდ ასეთი დასახლებების ეკონომიკურ განვითარებას მეტი ბიძგი უნდა მისცეს. 

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დასახლებები ან თემები შესაძლოა მიმზიდველი იყო როგორც საცხოვრებლად, ასევე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის. შესაბამისად, ასეთ მუნიციპალიტეტებში ინვესტირების უფრო მეტი შესაძლებლობაა. მემორანდუმის მიხედვით, მოხდება ასეთ მუნიციპალიტეტებში მმართველობის ორგანოთა ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა სამშენებლო ნებართვების გაცემა და საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, საჯარო სივრცეების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა და სხვ. ამ მუნიციპალური მომსახურებების უზრუნველყოფა აღნიშნული ადგილების პოტენციალის გამოყენების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მტკიცე საფუძველს შექმნის.

Businesspartner