ტურიზმი
01/07/2021

"ვაპირებთ ქვეყნის 17% დაცული ტერიტორიებით დავფაროთ და შემოსავალი ₾60 მლნ-მდე გავზარდოთ"

“ვაპირებთ, რომ ქვეყნის 17% დავფაროთ დაცული ტერიტორიებით, ეს არის უნიკალური ადგილები, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, 793 ათასიდან 1 მლნ ჰექტრამდე გაიზრდება დაცული ტერიტორიები. ეს არ ნიშნავს მხოლოდ კონსერვაციას, არამედ ეკონომიკურ შესაძლებლობებს დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

„რა თქმა უნდა, გაიზრდება რეინჯერთა რაოდენობა. ასევე გაიზრდება შემოსავალი, რომელიც დაცულმა ტერიტორიებმა ბოლო წლებში მიიღო. 2019 წელს გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი 11.5 მლნ ლარი. ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ 60 მლნ ლარამდე გაიზარდოს შემოსავალი. 4 დაცული ტერიტორიის მიხედვით, 2017 წელს შემოსავალი იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის იყო 90 მლნ ლარი, შესაბამისად თუ 8-ჯერ გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, მხოლოდ 4 დაცული ტერიტორიიდან მიღებული შემოსავალიც ჩვენი მოსახლეობისთვის 8-ჯერ გაიზრდება, რაც 700-800 მლნ–ს ნიშნავს,“ – აღნიშნავს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

დავითაშვილის თქმით, დაცულ ტერიტორიებში ეკოინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაშიც დიდი ინვესტიციები იდება, მათ შორის კერძო სექტორის მხრიდან, ეკონომიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დიდია. ასევე, აღსანიშნავია დონორული მხარდაჭერა და მათი წვლილი დაცული ტერიტორიების განვითარებაში.

Businesspartner