ტურიზმი
10/08/2020

“ვეღარ გავაგრძელებთ მუშაობას“–ტურისტული კომპანია Milky Way სვანეთის ჩაკეტვაზე

მთავრობის გადაწყვეტილებამ სვანეთის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ტურისტული კომპანიების ნაწილი დახურვის პირას მიიყვანა.

ტურისტული კომპანია Milky way– ის შიდა ტურების მენეჯერის სოფო დარბაიძის განცხადებით, სვანეთი იყო ის მიმართულება, რაც  შიდა ტურიზმს ამოძრავებდ. შესაბამისად, სვანეთის ტურები იყო ერთადერთი გზა მუშაობის გაგრძელებისთვის და  თანამშრომლების შენარჩუნებისთვის.

„რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ჩვენი კომპანია ძირითადად ორიენტირებული იყო სვანეთზე. ამ მიმართულებით რეკლამისთვის დახარჯული გვაქვს იმაზე 5–ჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში ვხარჯავდით. კონკრეტულად, სვანეთის პოპულარიზაციაში 5 სამუშაო დღეში 250 აშშ დოლარს ვიხდიდით. დაგეგმილი გვქონდა 3 დღიანი ტურები, ამ ეტაპზე ყველა ჯავშანი გაუქმებულია.აქედან წინაწარ გადახდილი ჰქონდა 50-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც სრულად ვუბრუნებთ თანხას. საუბარია, დაახლოებით  7500 ლარზე.“ – აცხადებს სოფო დარბაიძე.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვების პროგნოზირება რთულია, ამიტომ შიდა ტურიზმში ფულის დახარჯვას ზოგიერთი ტურისტული კომპანია ვეღარ რისკავს და აჩერებს მუშაობას.

ტურისტული კომპანია Diamond Georgia– ს წარმომადგენლის თქმით, ყველა ტური და ჯავშანი რაც სვანეთის მიმართულებით იყო დაგეგმილი, გაუქმებულია და თანხაც სრულად დაუბრუნდება თითოეულ ადამიანს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ სვანეთზე არ ვართ დამოკიდებული, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა, სვანეთზე მოთხოვნა დიდი იყო და კვირაში 3 ტური მაინც გვქონდა დაგეგმილი.“ – ამბობს Diamond Georgia– ს წარმომადგენელი.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში COVID- 19-ზე აღებული 30 სინჯიდან ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა. ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს.

Businesspartner