ტურიზმი
23/03/2023

"ვერცხლის ტბები" გაფართოვდა - დასასვენებელ სივრცეს 14 კოტეჯი და თევზის რესტორანი დაემატა

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში მდებარე ფერმიდან სუფრამდე (Farm to the tables)  კონცეფციის დასასვენებელი სივრცე „ვერცხლის ტბები“ (silver lakes farm) გაფართოვდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის თანამდაფუძნებელმა, ცნობილმა შეფ-მზარეულიმა თეკუნა გაჩეჩილაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, „ვერცხლის ტბები“ ახლა დახურულია და განახლებული სახით ის აპრილის ბოლომდე გაიხსნება.

„რადგან ძალიან მოთხოვნადი იყო  „ვერცხლის ტბები“ - გავფართოვდით, კიდევ 14 კოტეჯი დავამატეთ. ასევე, ჩვენთან არსებულ რესტორანს დავამატეთ თევზის რესტორანიც. მოგეხსენებათ, რომ ბევრი ტბა გვაქვს და ჩვენი საკალმახე მეურნეობაც გავაკეთეთ. ვგეგმავთ 15 აპრილისთვის გახსნას. ახალი რესტორნით და დამატებით, 14 ახალი კოტეჯით ვუმასპინძლებთ ჩვენს სტუმრებს. შარშან ძალიან შეზღუდულები ვიყავით, მხოლოდ 3 კოტეჯი გვქონდა და ვერ ვაკმაყოფილებდით მოთხოვნას. ამიტომ, წელს ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით“, - განმარტა თეკუნა გაჩეჩილაძემ.

„ვერცხლის ტბები“ 2022 წელს გაიხსნა. 22 ჰა ტერიტორიაზე, რომლის ათვისებაც 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. უკვე მოეწყო ჯამურად 17 კოტეჯი, აქ ასევე ფუნქციონირებს ხელოვნურად მოწყობილი 7 ტბა (ჯამში 7 ჰა-ზეა გაშენებული)  გარე აუზი, ვენახი, ბოსტნეულის და ხეხილის ბაღები, თევზსაშენი და სხვა... გაშენებულია 2 ჰა ტერიტორიაზე მზესუმზირის ბაღიც, საიდანაც მოყვანილი მზესუმზირით კომპანია საკუთარი მოხმარებისთვის მზესუმზირის ზეთს აწარმოებს.

„ეს კონცეფცია შექმნილია იმათთვის, ვისთვისაც საინტერსოა ეკო და გასტრო ტურიზმი.დამსვენებელი თავად შეძლებს იმუშაოს ბაღსა თუ ბოსტანში, ახლოს იყოს ბუნებასთან და ამისგან დიდი სიამოვნება მიიღოს,“- აცხადებს გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის, პროექტში 100%-ით ქართული ინვესტიციაა განხორციელებული.

 

Businesspartner