ტურიზმი
13/07/2020

Wizz Air-ი ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით იფრენს

ქუთაისის აეროპორტიდან პირველად ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი.

აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მოხვედრა კვირაში ორჯერ – ხუთშაბათსა და კვირას 1 ოქტომბრიდან იქნება შესაძელებელი. აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც Wizz Air-მა ევროპის გარეთ შექმნა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოლაპარაკებები კომპანიასთან უმოკლეს ვადებში წარმატებით დაასრულა.

გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტიდან ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz Air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.

“Wizz Air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. 8 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. გვიხარია, რომ ავიაკომპანიასთან ერთად ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ქუთაისის აეროპორტიც საკუთარ წვლილს შეიტანს,-‘’აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები Airbus A321neo შესრულდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები