ტურიზმი
15/09/2020

ზურაბ პოლოლიკაშვილი: პანდემია ისტორიის განმავლობაში ყველაზე მძიმედ ტურიზმის სექტორს შეეხო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების მნიშვნელობაზე აცხადებს.

მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ მასპინძელ ქვეყნად შეარჩია და ეს არის საქართველოს უაღრესად დიდი აღიარება, როგორც უსაფრთხო ქვეყნის და ტურისტული მიმართულების.

საბჭოს სხდომაზე დასასწრებად საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, UNWTO-ს ოფიციალური წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საპატიო ელჩები და ტურიზმის ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ.

„ეს არის 2020 წელს პირველი და ალბათ უკანასკნელი საერთაშორისო ფორუმი ტურიზმის მინისტრების და ეს შეხვედრა საქართველოში ტარდება. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა საბჭოს სხდომის გამართვა ივნისში, თუმცა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა და ახლა იმართება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოში დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დელეგაციები ჩამოვიდნენ. საბჭოს სხდომის მთავარი თემა იქნება, თუ როგორ უნდა გამოვიდეს მსოფლიო ამ ურთულესი სიტუაციიდან და კრიზისიდან, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, რაც განსაკუთრებით ტურიზმის სფეროზე აისახა. პანდემია ისტორიის განმავლობაში ყველაზე მძიმედ შეეხო ტურიზმის სექტორს. საბჭოს სხდომაზე ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ლიდერებთან ერთად ვისმჯელებთ, რომ შევიმუშაოთ გეგმა და სტრატეგია, თუ როგორ შეიძლება ერთიანი ძალებით ვიპოვოთ გამოსავალი ამ მძიმე სიტუაციიდან,“ -განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 15-17 სექტემბერს მასპინძლობს.

"მოხარულები ვართ, პანდემიის პერიოდში საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ მასპინძელ ქვეყანად შეარჩია. ეს არის საქართველოს უაღრესად დიდი აღიარება, როგორ უსაფრთხო ქვეყნის, ასევე ტურისტული მიმართულების, რომელიც პირველად მსოფლიოში ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს უმაღლესი სტანდარტების დაცვითა და ჯანდაცვის პროტოკოლებით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართება. აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება. ღონისძიება ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერულ რეისს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვლენ, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად 4 ეპიდემიოლოგი ჩამოჰყვება.

Businesspartner