ტურიზმი
19/07/2021

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრიანი შუშის ხიდის გახსნა მომავალი სეზონისთვის გადაიდო

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის გახსნა მომავალი სეზონისთვის გადაიდო.

როგორც კომპანია KASS LAND-ის დირექტორმა ეკა თორდიამ განუცხადა, პანდემიიდან გამომდინარე დაგვიანდა გარკვეული დეტალების ტრანსპორტირება, რომელიც ხიდის მოსაწყობად იყო საჭირო.

„აღნიშნული ხიდი კონსტრუქციიდან გამომდინარე რთული აღმოჩნდა და ეს თავიდანვე განსაზღვრული გვქონდა. ხიდის ბაგირები და სხვადასხხვა მასალა იტალიიდან და შვეიცარიიდან იგზავნებოდა, რომელთა ჩამოტანაც პანდემიის გამო დაგვიანდა. ამიტომ გადაიდო ხიდის ინსტალაციის სამუშაოები გარკვეული პერიოდით. ყველა ექსპერტიზისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხიდის მშენებლობა დასრულდება ოქტომბრისთვის, თუმცა არასეზონური პერიოდი ემთხვევა და მომავალ სეზონს დაველოდებით. 

ამასთან, დასრულებული გვაქვს კანიონზე ჩასასველელი ბილიკის მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრი, მათ შორის რესტორანიც, მაგრამ რადგან ხიდი განლაგებულია ვიზიტორთა ცენტრსა და კვების ობიექტს შორის უსაფრთოხოებიდან გამომდინარე, მთლიანი კომპლექსის გრანდიოზული გახსნა, რომელიც სასტურმოს, აუზს, კოტეჯებს და სხვა სერვისებს მოიცავს შემდეგი წლისთვის გადავდეთ,“ – აღნიშნავს ეკა თორდია.

ინფორმაციისთვის, როგორც დაანონსებული იყო დაშბაშის კანიონი დამთვარიელებელს ივლისის ბოლოდან ელოდება. ვიზიტორები შეძლებენ ისეთივე პრინციპით დაათვალიერონ კანიონი, როგორც შესაძლებელია მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ნახვა.

რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებას, არ გაზრდილა და ამ ეტაპზე 120 მლნ ლარს შეადგენს. კომპანიის დირექტორის თქმით, მომავალში საინტერესო პროექტები იგეგმება და შესაბამისად მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდება.  

შეგახსნებეთ, რომ დაცულ ტერიტორიაზე პროექტს ისრაელის კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2016 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპამდე დაასაქმა 1000-მდე ადამიანი.

 

Businesspartner