ტურიზმი
22/07/2020

გადადებული ფრენები ნეგატიურად აისახება შემოსავლებსა და გეგმებზე - Radisson Blu Iveria

„ის ფაქტი, რომ ფრენები არ იხსნება და ვადები რამდენჯერზე შეიცვალა, კარგი არ არის. ჯერ ველოდებოდით ივლისიდან განახლებას, გვქონდა გარკვეული გათვლები, შემდეგ დაანონსდა აგვისტო, - ამასაც მოვერგეთ. ახლა ირკვევა, რომ 1 სექტემბრამდე არაფერი იქნება, რა თქმა უნდა ეს ნეგატიურად მოქმედებს და აისახება ჩვენს გათვლებზე, შემოსავლებსა და გეგმებზე“, - ასე ეხმაურება Radisson Blu Iveria Hotel-ი  რეგულარული ფრენების 1 სექტემბრამდე გადავადებას.

როგორც სასტუმროს  გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურში განმარტავენ, მიუხედავად ამისა, იმედს იძლევა გამონაკლისის სახით არსებული 5 ქვეყანა, საიდანაც ფრენები დაშვებულია.

Radisson Blu Iveria Hotel-ში განმარტავენ, რომ შექმნილ სიტუაციაში თბილისს ყველაზე მეტად გაუჭირდა, რადგან ივნისიდან, როდესაც სასტუმროები გაიხსნა, რეგიონები ნორმალურად მუშაობენ.

„ჩვენს ორ სასტუმროში, აჭარაში (ბათუმი) და კახეთში 100%-ით ლოკალურ ბაზარზე ხდება მუშაობა. რა თქმა უნდა, ვერ შეედრება გასული ან 2018 წლების შემოსავლებს, თუმცა, მოლოდინზე უფრო დადებითი შედეგები აქვთ,“ - აცხადებენ Radisson Blu Iveria-ში.

როგორც სასტუმროში აღნიშნავენ, თბილისის შემთხვევაში ვიზიტორების (მათ შორის ბიზნესმოგზაურები) 90-92% უცხოელებზე მოდიოდა. რაც შეეხება რეგიონებს, კახეთში უცხოელების წილი (გააჩნია სეზონსაც) 50%-ს შეადგენდა. ბათუმის შემთხვევაში უცხოელების წილი 80-85% იყო.

კითხვაზე, თუ აქვს კომპანიას რაიმე სტრატეგია, ან ახალი კონცეფცია, რომელიც უცხოელების წილს დააბალანსებს, Radisson Blu Iveria Hotel-ის გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია ცდილობს ლოკალურ ბაზარს მოერგოს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სასტუმრო ქალაქის ცენტრშია და გვაქვს ძალიან საინტერესო სხვადასხვა კვების და დასასვენებელი ობიექტი, ღია აუზი, რესტორნები, ყველაფერს ვაკეთებთ ადგილობრივი მომხმარებლის მოსაზიდად. გადავხედეთ მენიუებს, ფასებს, ტენდენციებს, მუსიკალურ გაფორმებას და ასე შემდეგ. მართალია, ეს თავიდან ბოლომდე  დანაკლისს ვერ აბალანსებს.

რაც შეეხება 5 ქვეყანასთან გახსნილ საზღვრებს, ვმუშაობთ ახალ პაკეტებზე, რომლებიც გაგზავნილი იქნება ამ ქვეყნების ტურ-ოპერატორებთან. მოლოდინი გვაქვს, რომ მივიღებთ რაღაც ნაწილს იმ მოგზაურებიდან, რომლებიც საქართველოში ამ ბაზრებიდან შემოვლენ“, - აცხადებენ Radisson Blu Iveria -ში.

რაც შეეხება იმას, ხომ არ გაუქმდა ჯავშნები მას შემდეგ, რაც დაანონსდა, რომ 1 სექტემბრამდე გადაიდო რეგულაური ფრენების დაწყება, სასტუმროში განმარტავენ, რომ ყველა ის  მომწოდებელი ქვეყანა, რომელიც ჩვენი მომხმარებელი იყო, Covid-19-ის გამო ისევ ცუდ სიტუაციაში დაბრუნდნენ. შესაბამისად, მათი მხრიდან ნაკლები აქტივობა მარტო ფრენებზე არ არის დამოკიდებული.

 

Businesspartner