ტურიზმი
08/06/2021

კაფე და სათბური - ბიომეურნეობა "სამყურა" აგროტურიზმს ავითარებს

“სამყურა“ აგროტურიზმის განვითარებისთვის მეურნეობის ტერიტორიაზე კაფეს და სათბურს ააშენებს, სადაც ტურისტები იქვე მოყვანილ ბიობოსტნეულთან ერთად საინტერერსო კერძების დაგემოვნებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებენ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, პროექტის განხორციელება შემოდგომისთვის იგეგმება.

„ჩვენთან მოსულ ადამიანებს დახვდებათ საინტერესო სივრცე, შეძლებენ ახლადდაკრეფილი ბოსტნეულის შეძენას და ადგილზე დაგემოვნებას. 70 კვ.მ ფართის კაფე იქნება ორსართულიანი, რომელის მეორე სართული მთლიანად ვიტრაჟულ ვერანდას დაეთმობა.

რაც შეეხება, სათბურს 1000 კვ.მ–ზე გაშენდება, სადაც ისეთ კულტურებს მოვიყვანთ, რომელიც გათბობას არ საჭიროებს და სიცივეს უძლებს. პროექტს ჩვენი რესურსით განვახორციელებთ, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 35 000 ლარზე მეტია,“ – აღნიშნავს ნიკა ბაგალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ “სამყურა“ ბიომეურნეობაა, რომელიც 2 წლის წინ წნორში ნიკა ბაგალიშვილმა დააფუძნა. კომპანია ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და ბიო ბოსტნეულის მრავალ სახეობას, ბროკოლს, კარტოფილს, ყაბაყს და ა.შ აწარმოებს. მეურნეობა 1.5 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ბოსტნეულის მოყვანის პროცესი კი სრულიად ბუნებრივია და არ გამოიყენება ქიმიური დანამატები.

კომპანიის გეგმებშია აივნის მებოსტნეობის განვითარებაც, რისთვისაც “სამყურა“ დაინტერესებულ ადამიანებს წიწაკას, ზესუმზირას, პიტნას, სხვადასხვა მცენარეების ნერგებს შესთავაზებს და მათ აივანზე გაშენებაში დაეხმარება.

 

Businesspartner